სათემო მომსახურება ხანდაზმული პირებისათვის ამოქმედდა 2011 წელს. აღნიშნულმა მომსახურებამ ქვეყანაში შექმნა ხანდაზმულთა დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულების პირველი ალტერნატივა, რომელიც მომსახურებას უწევს 18 ხანდაზმულ პირს (მამაკაცი 65 წლის ზემოთ, ქალი 60 წლის ზემოთ). ბენეფიციარების ბიოლოგიურ ოჯახებს, არ სურთ იზრუნონ ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე ზრუნვა ან ისინი არიან მარტოხელები.
მომსახურება ზრუნავს ხანდაზმულთა სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების/ღირსეული სიბერის უზრუნველყოფისთვის, რომლის პროცესშიც მაქსიმალურად ეწყობა ხელი მათთვის ოჯახური გარემოს შექმნას, საბაზისო საჭიროებების (კვება, ჰიგიენა, ტანისამოსი, სამედიცინო მომსახურება) დაკმაყოფილებას. ასევე, ინტერესების, შესაძლებლობების, გამოცდილებების რეალიზებას და თემში ინტეგრაციას.
ხანდაზმულთა სახლი მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში, ანასეულში, მეცნიერების ქუჩაზე, ქალაქის ცენტრიდან 2.5 კმ-ში. წლების განმავლობაში, ანასეული ფუნქციონირებდა როგორც საუნივერსიტეტო დაბა. ამ დროისთვის, იგი ოზურგეთის ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენს. იგი გამოირჩევა ბუნების სილამაზით, მრავალფეროვნებით და ეკოლოგიურად მიმზიდველი გარემოთი.
ინფრასტრუქტურა
სახლი გათვლილია 24 ბენეფიციარზე. მომსახურების ოთახებში შესაძლებელია იცხოვროს ორმა, ან სამმა პირმა. ხანდაზმულთა სახლის გარემო, მორგებულია საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებზე. მომსახურების მატერიალური ბაზა (შესასვლელი, ოთახები, სველი წერტილები), ოკუპაციური თერაპევტის რეკომენდაციით, ადაპტირებულია შშმ პირთა საჭიროებებზე, შესაბამისად, შესაძლებელია იგი მოემსახუროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხანდაზმულებსაც.
საცხოვრებელი გარემო ყველა ბენეფიციარისთვის იდენტურია. მათთვის გამოყოფილია:
- საძინებელ ოთახებში საკუთარი კუთხე (საწოლი, კარადა, ტუმბო)
- თითოეულ ოთახს აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი.
ბენეფიციარებს ემსახურებიან ექიმი, მზრუნველი და მზარეული.
ექიმი – ახდენს ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, მართვას და მონიტორინგს.
მზრუნველი – ახორციელებს ბენეფიციართა ყოველდღიურ მოვლას/ზრუნვას, ასევე, მომსახურების ინდივიდუალური გეგმებით განსაზღვრული მიზნების შესრულებაზე მუშაობას.
პერიოდულად, ორგანიზაცია იწვევს ზრუნვის სპეციალისტს, რომელიც ავლენს ბენეფიციართა ზრუნვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებს და ახდენს შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას.
ხანდაზმულთა სახლის თანამშრომელთა ნაწილს აქვს ექთნის კვალიფიკაცია. პერსონალს, მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.
გასართობი აქტივობები
- მომსახურებას აქვს პატარა ბიბლიოთეკა
- სახლს ყოველკვირეულად მიეწოდება პრესა
- ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ვარდების ბაღის, ვაზისა და ხეხილის მოვლაში. დათესონ და მოიყვანონ მისთვის სასურველი ბოსტნეული.
- დანერგილია არტთერაპიის მეთოდი, რაც გულისხმობს ხანდაზმულების მხარდაჭერას თავისი ხელით გამოძერწონ სხვადასხვა ნივთი, აპლიკაციებითა და ბუნებრივი მასალებით გააფორმონ ნივთები.
- ახალგაზრდა მოხალისეების მონაწილეობით, ხანდაზმულებისთვის ტარდება სხვადასხვა თემატიკის გასართობი საღამოები.
ხანდაზმულთა სახლში მიღება
ხანდაზმულთა სახლში ცხოვრება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს (ნებისმიერი რეგიონიდან), რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს მოცემული მომსახურება სახელმწიფოს დაფინანსებით (სრული, თანადაფინანსებით). ამისათვის, მსურველებმა პირებმა (პოტენციურმა ბენეფიციარებმა) განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს რაიონულ ცენტრს (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და სპეციალურ გრაფაში უნდა მიუთითონ ანასეულის ხანდაზმულთა სათემო მომსახურება. განცხადების ფორმა ხელმისაწვდომია მითითებულ ორგანოში.
მომსახურების დაფინანსება:
მომსახურების დაფინანსების მიღება შეუძლია პირს, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი, ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად, მათი სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:
- არ აღემატება 65 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (დღეში 22 ლარის ოდენობით);
- არის 65 001 ქულიდან 100 001 ქულამდე გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს;
- არის 100 001 ქულიდან 150 001 ქულამდე მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს.