2024 წლის 20-22 ივნისს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სკოლის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვა თანამედროვე საგანმანათლებლო სტრატეგიების გამოყენებით.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული განათლების ექსპერტი ბელგიიდან მარიტ ვრანკენი. 2019 წლიდან ის არის ინოვაციური სკოლის De MET-ის თანადამფუძნებელი. ლიუვენში (ბელგია), ასევე მან დააფუძნა საგანმანათლებლო პლატფორმა DE Arena, რომლის საშუალებითაც ის საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ინდივიდუალურ პირებს უწევს საკონსულტაციო მომსახურებას. მარიტი არის ქოუჩი და სპიკერი, ასევე წიგნის – “განათლების ჰიბრიდული ორგანიზება – გადააქციე შენი სკოლა სასწავლო კერად” ავტორი.
სამდღიან შეხვედრა მიზნად ისახავდა ორგანიზაციის 12 პარტნიორი სკოლის წარმომადგენლისა და სისტემაში შემოსული ახალი მასწავლებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმგვარი შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის შესახებ, რომელიც ინოვაციური და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
▪️ სკოლის შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმების, ასევე მათი თეორიული საფუძვლების გაცნობა;
▪️ De MET მაგალითზე სასწავლო ჰაბების ევროპული გამოცდილების გაცნობა, თუ როგორ ხდება თეორიული საფუძვლების გათვალისწინებით შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვა;
▪️ სამიზნე აუდიტორიისთვის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის რაობისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მისი პრაქტიკაში ეფექტურად დანერგვისთვის;
ტრენინგი ჩატარდა გერმანული ფონდის Brot Fur Die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში.


